Friday, May 25, 2012

მეტაკოგნაცია წარმატებული სწავლა-სწავლების საფუძველი



            
           მეტაკოგნაცია --   წარმატებული სწავლა-სწავლების საფუძველი
    












მეტაკოგნაცია გულისხმობს აზროვნებას იმაზე, თუ როგორ ვაზროვნებთ, ანუ მოსწავლეთა ცოდნასა და შეხედულებებს  თავიანთი კოგნიტური( შემეცნებითი) პროცესების შესახებ.
     დევიდ პერკინსი,  ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, განმარტავს -- „ რაც უფრო მეტი იციან მოსწავლეებმა ფიქრისა და სწავლის შესახებ, ანუ რაც უფრო მაღალია მათი მეტაკოგნიტური ცნობიერება, მით უფრო ეფექტურად სწავლობენ ისინი და უფრო მაღალ შედეგებს  აღწევენ სკოლაში.
   სასკოლო პრაქტიკითა და მთელი რიგი მტკიცებულებებით არის აღიარებული ეს შეხედულება, რომელსაც პერკინსი წერს პედაგოგიურ წიგნში „ გონივრული სკოლა“. მართლაც რომ გონივრული, რადგან თუ სწავლა-სწავლების პროცესი გააზრებული არ არის, არ ემყარება მოსწავლისა და მასწავლებლის თანამშრომლობასა და ნდობას,  ყოველგვარი ცდა  უშედეგო აღმოჩნდება.
  დღეს, როდესაც სასკოლო რეფორმის შედეგად გადაიხედა, შეფასდა და გადაფასდა მთელი რიგი საკითხები, მნიშვნელოვან სიახლედ მიმაჩნია ზრუნვა მოსწავლეთა  მეტაკოგნაციისათვის. ბუნებრივია, მასწავლებლის დახმარებისა და მიმართულების გარეშე მოსწავლეს არ შეუძლია, უკეთეს შემთხვევაში კი  გაუჭირდება აკონტროლოს საკუთარი შემეცნებითდონე.
   მასწავლებელმა ისე უნდა დაგეგმოს სწავლა-სწავლების პროცესი, რომ მხედველობიდან არ გამორჩეს ეს ასპექტები. სწავლა სწავლებაზე რთულია და მოსწავლეობა, როგორც ერმა პედაგოგმა შეაფასა,  ყველაზე რთული პროფესია. როგორც არ უნდა შევუმსუბუქოთ მოსწავლეებს ეს პროცესი,  მათ სწავლების სამივე საფეხურზე უწევთ სერიოზული პრობლეების დაძლევა. მეტაკოგნაცია კი დაეხმარება, რომ უკეთ დაგეგმოს,  აკონტროლოს, მოიპოვოს, დააახარისხოს, გაუზიაროს და შეარჩიოს საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე დავალებები.
 მეტაკოგნიცია მოიცავს მეტაკომპონენტებსმართვის პროცესებს, რომლებიც ინფორმაციის გადამუშავების კონკრეტულ პროცესებს არეგულირებენ. ეს კომპონენტებია: პრობლემის არსებობის აღიარება, პრობლემის გაცნობიერება და იმ პროცესების ამორჩევა, რომლებიც გამოდგება პრობლემის გადასაჭრელად, სტრატეგიის არჩევა, მენტალური რეპრეზენტაციის შერჩევა .გონებრივი რესურსების განაწილება, პრობლემის გადაწყვეტის მსვლელობაზე კონტროლი, პრობლემის გადაწყვეტის ეფექტიანობის შეფასება.
როდესაც მეტაკოგნიცია ეხება საკუთარი სწავლის პროცესების გაცნობიერებას, მაშინ ადგილი აქვს სწავლის სწავლას - ადამიანის მიერ საკუთარის წავლის მართვას, რომელიც მოიცავს სწავლის დაგეგმვას, შეფასებას და მუდმივ მონიტორინგს.
 მეტაკოგნიტური პროცესებია:
*      ცოდნა ჩვენი მეხსიერებისა და სწავლის შესაძლებლობების შესახებ;
*      იმის განსაზღვრა, თუ მოცემულ დროში რისი სწავლა შეგვიძლია;
*      სწავლის პროცესის ორგანიზება;
*      ანალიზი იმისა, თუ რა ვისწავლეთ და რამდენად კარგად გავიგეთ;
*      სწავლისათვის ყველაზე ხელსაყრელი დროის, ადგილისა და აქტივობის შერჩევა.
 ჩემი პედაგოგიური გამოცდილებისა და დაკვირვების შედეგად მოსწავლეთა სამ ტიპს გამოვკვეთდი.
 მოსწავლის ცოდნა საკუთარი კოგნიტური პროცესების შესახებ

ჰიპერბოლური შეხედულება
(უმრავლესობა)

ობიექტურად აფასებს
(უმცირესობა)

არასრულფასოვნების კომპლექსი
(მცირე ნაწილი)

             შემეცნებით პროცესებზე დაკვირვებას, როგორც იტყვიან, ,,თვითკონტროლს“ მხოლოდ მოსწავლეთა მცირე ნაწილი ახერხებს. როგორც სქემაზეა ნაჩვენები, ისინი ობიექტურად საზღვრავენ თავიანთ შესაძლებლობებსა და მიღწევებს. 
               უმრავლესობა მოსწავლეებისა გაზვიადებულად წარმოიდგენს რეალურად არსებულ მდგომარეობას, მიაჩნიათ, რომ ერთი წაკითხვით სწავლობენ, რამეთუ გაგება და სწავლა ერთი და იგივე ცნებები ჰგონიათ, ეს კი ცოდნის მოჩვენებითობას იწვევს.
უნდა იღინიშნოს, რომ ეს მდგომარეობა  გვხვდება არა მარტო სწავლის დაწყებით საფეხურზე, მიუხედავად იმისა, რომ უფროსკლასელთა შემეცნება და აზროვნება არსებითად განსხვავდება მათგან, აქაც უჭირთ  ფიქრი იმაზე, თუ  რა, როგორ და რამდენად იციან.
              მეორე უკიდურესობაა  ე.წ. არასრულფასოვნების კომპლექსით შეზღუდული მოსწავლეები. მათ არ სჯერათ საკუთარი შესაძლებლობების, ჰგონიათ, რომ არ შეუძლიათ ახალი მასალის სრულყოფოლად გაგება და სწავლა, არც კი ფიქრობენ იმაზე, რომ თვითონაც სცადონ, შექმნან, წარმოადგინონ კლასის წინაშე, დაგეგმონ ან შეაფასონ მიმდინარე აქტივობები.
           სამწუხაროდ, ხშირად ეს არის შედეგი მოსწავლის წარუმატებლობის, მასწავლებლის, მშობლისა და ამხანაგების არასათანადო კომენტარისა და დამოკიდებულების.
        რა დასამალია და მოსწავლეები თითქმის მუდამ ცდილობენ, რომ ისეთებად წარმოგვიდგინონ თავი, როგორებიც ჩვენ გვინდა, რომ იყვნონ. (ეს ჩვეულებრივი დამოკიდებულებაა, ასე ვართ ჩვენც, უფროსები)  რატომღაც ჰგონიათ, თუ მასწავლებელმა მათი სუსტი მხარე იცის, ეს ცუდად იმოქმედებს მათ  ავტორიტეტზე, არადა, პირიქით უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ თუკი ისინი გვენდობიან, დარწმუნდებიან, რომ ჩვენ მხოლოდ მათი დახმარების სურვილი გვამოძრავებს, მაშინ უფრო განუვითარდებათ მეტაკოგნაციის უნარი, რაც უდაოდ აისახება მათსავე შედეგებში.
                           სასწავლო-შემეცნებითი აქტივობები,
   რომლებიც მოსწავლეს დაეხმარება მეტაცოგნაციის უნარის  გამომუშავებაში
        მარტივად რომ ვთქვათ, მოსწავლე უნდა ეცადოს, რომ ყოველი აქტივობის შემდეგ გაიაზროს, რა ისწავლა, რა ვერ გაიგო, რა ფორმით უფრო გასაგები იქნებოდა,რა შეუძლია, რა არ შეუძლია, რაში ჭირდება დახმარება, რა უნდა გაიმეოროს და ა.შ.
არსებობს სწავლების არაერთი ეფექტური სტრატეგია, რომლებიც ემყარება გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას. ბუნებრივია, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია, ამიტომაც მნიშვნელოვანია   თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ შესაძლებლობები გამოვავლინოთ.
შეფასება,  თვითშეფასება, ურთიერთშეფასება
            ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, განსხვავებით საბჭოთა სკოლისაგან,  მოსწავლის შეფასების პროცესი სრულიად გამჭვირვალეა, რადგან მასწავლებელი ხელმძღვანელობს შეფასების სქემებითა და რუბრიკებით, რომლებშიც დეტალურად არის გაწერილი ათქულიანი სისტემის ყოველი დონის ამსახველი მახასიათებლები. ამდენად, მოწავლისათვის გასაგებია რაში, როგორ, რატომ და როდის ფასდება. მიმაჩნია, რომ შეფასების პროცესი არც თუ ისე ადვილია.  არსებობს არაერთი საშუალება მოსწავლის ცოდნის გასაზომად, თუმცა ყოველთვის  მასწავლებლის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული არსებულ მომენტში მიღებული შეფასება რამდენად იქნება  მოსწავლის მიღწევის შემდეგი ეტაპის საფუძველი. მოსწავლის ჩართულობისათვის, მოტივაციისა და ინტერესის ასამაღლებლად პოზიტიურია  მათი ჩართვა შეფასების რუბრიკის შემუშავებაში.
       რაც შეეხაბა თვითშეფასებას, ამ შემთხვევაში  სუბიექტივიზმისაგან ისევ შეფასების სქემები  დაგვიცავს.  კარგად შედგენილი სქემა და დიაგრამა  ე. წ. სვოტ- ანალიზიც   არის, რადგან მასში ძლიერი და სუსტი მხარე იკვეთება.  მოსწავლეები პერიოდულად აკეთებენ საკუთარი დავალების რვეულების რედაქტირებას.   ახლახან მეექვსე კლასის მოსწავლეთა საშინაო დავალების რვეულების წარმოება არ მომეწონა. მათ უკომენტაროდ ვთხოვე, ,,დამიწერეთ ამ რვეულის ადრესატის დახასიათება“, მაშინვე მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე,  გაუჭირდათ, მაგრამ მაინც დაწერეს, იმდენი შენიშვნები ჰქონდათ, რომ მე თითქმის ვერაფერი დავამატე ახალი.  შემოვიღეთ ასეთი რუბრიკაც --<<<სამახსოვრო>>, რომელშიც დროდადრო შეგონებებსა და მითითებებს იწერენ. ასეთი მეტაკოგნიტური გადახვევები  მოსწავლეს დააფიქრებს, უვითარებს თვითკრიტიკის უნარს, ეხმარება წარმატების მიღწევაში.
  მოსწავლეთა თვითშემეცნების ასამაღლებლად საუკეთესო საშუალებაა ურთიერთშეფასება. თავდაპირველად მოსწავლეებს უჭირთ ერთმანეთის ობიექტურად შეფასება, ჩვეულებრივი მომენტია, რომ არ უნდათ,  აწყენინონ თანაკლასელს, უფრთხილდებიან ურთიერთობის დაძაბვას, უჭირთ იმის გააზრება, რომ მითითებასა და შენიშვნას მხოლოდ ურთიერთდახმარების მიზნით მიმართავენ. ამ შემთხვევაში მეხმარება ე.წ. „სენდვიჩის ‘’ მეთოდი, ანუ ჯერ  პოზიტიურ მხარეს გამოკვეთენ, შემდეგ-- შენიშვნა, რეკომენდაცია, მითითება, რჩევა, ბოლოსათვის შემოვინახოთ ისევ დადებითი ასპექტი. როდესაც მოსწავლეებს ეს ვასწავლე,  კომენტარი გავუკეთე, რომ ბუნებაში იშვიათია უშეცდომო, იდეალური ნამუშევარი, თუკი ამ ფორმით შეძლებენ ერთმანეთის დახმარებას,  ეს ძალიან კარგი იქნება.

თვითშემოწმება
       ეს პროცესი ეფექტურია ცოდნის კონსტრუირების დროს. მოსწავლე ინიშნავს, რა ვერ გაიგო, რა არის ბუნდოვანი, რის განმარტებას საჭიროებს, როდის შეასრულებს დავალებას სრულყოფილად, იცის, რა ინფორმაცია უნდა მოიძიოს და მისთ. ცხადია, რომ ამ დროს ყველაზე მარტივი და ეფექტურია საკითხის თანაკლასელთან ან მასწავლებელთან გაზიარება. მინდა, აღვნიშნო და მასწავლებლებიც დამეთანხმებიან, რომ თანამედროვე სასკოლო სივრცეში ამ ხერხს მოსწავლეები ყველაზე ნაკლებად მიმართავენ. ჩემი აზრით,  მათ  ერიდებათ, ხან კიდეც ეზარებათ, ავიწყდებათ...  ჩემი გამოცდილებიდან დავასკვენი, რომ მასწავლებელი სისტემატურად უნდა ახსენებდეს მოსწავლეებს, თუ რაიმეს ვერ გებულობენ შესაბამისად, მოსწავლის მიერ  კითხვის დასმა ყველაზე ეფექტური აქტივობაა ამ შემთხვევაში. არაერთხელ მითქვამს, რომ  რაიმეს ის ვერ გებულობს , ვინც გაიგო ახალი საკითხი. ყველაფერს ის იგებს, ვინც ყველაზე ნაკლებად გაიაზრა. ეს სიტყვები ერთგვარად ათამამებს, შეახსენებს და ახალისებს, რომ ყურადღებითაც მოისმინონ და მსჯელობაშიც ჩაერთონ.
      თვითშემოწმებისათვის სტანდარტული ფორმატი არ არსებობს, ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში. მოსწავლეთა უშუალო მონაწილეობით შეიძლება შევადგინოთ,  მაგალითად, <წარმატებული მოსწავლის დამახასიათებელი ნიშნები> და  ა.შ.
           საკითხისადმი ასეთი მიდგომა მოსწავლეს დამოუკიდებელი აზროვნების უნარს უვითარებს, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული თვითშემეცნებასთან.
  მოსწავლის ძალისხმევის გაძლიერება
  ფსოქოლოგმა ბერნარდ უაინერმა პედაგოგიკაში პოპულარული გახადა თეორია ძალისხმევის დაფასებისა და ეფექტურობის შესახებ, რომლის მიხედვითაც რწმენა იმისა, რომ ადამიანის ძალისხმევა შედეგს გამოიღებს ზრდის მის ეფექტურ მოქმედებას ნებისმიერ სფეროში. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები წარმატებას, როგორც წესი, ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ ფაქტორს უკავშირებენ:
Ø  უნარი ; 
Ø  ძალისხმევა;
Ø  სხვა ადამიანები;
Ø  იღბალი;
ამ ფაქტორებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ძალისხმევა, რადგან მის გარეშე თვით უნარიც კი აუთვისებელი რჩება. სხვა ადამიანებსა და იღბალზე მინდობილნი კი ვერასოდეს იქნება დამოუკიდებელი და შესაბამისად წარმატებულიც.
    მოსწავლისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ორიენტაცია ძალისხმევაზე გააკეთოს, რწმენა საკუთარი თავის მიმართ უფრო მოქმედსა და ნაყოფიერს ხდის მათ საქმიანობას. ამის აღიარება და ცხოვრების წესად დანერგვა თვითშემეცნების  ბუნებრივი პროცესია.
        სწავლისათვის გაღებული ძალისხმევის მონიტორინგი შესაძლებელია აწარმოონ დღიურის სახითაც, ე.წ. თვთანგარიში, თუნდაც ასეთი სახელწოდებით--,,ჩემი სწავლა“, რომელშიც ჩაინიშნავენ, თუ როგორ აღწევენ  ინდივიდუალურსა და საერთო მიზნებს, აღწერონ მიღწეული წარმატება და დაშვებული შეცდომაც. 
      მოსწავლის ძალისხმევის გასაძლიერებლად არაჩვეულებრივია ისტ-ის  გამოყენება. ყველასათვის ცნობილია, რომ ინტერნეტს მოსწავლეები ყველაზე ნაკლებად სასწავლო-საგანმანათლებლო მიზნით იყენებენ.  ხელსაყრელი და ეფექტური გამოსავალი  ამ სერიოზული პრობლემის თავიდან ასაცილებლად ის გახლავთ, რომ მოსწავლეებს რაც შეიძლება მეტი ისეთი დავალება მივცეთ, რომლის შესასრულებლადაც ინტერნეტი დასჭირდებათ. კარგი იქნება, თუ მასწავლებელი საკუთარ ბლოგზე  განათავსებს ისეთ დამხმარე და დამატებით მასალებს, რომლებიც სასწავლო თემის ათვისებაში დაეხმარება მოსწავლეს, ეს კიდევ უფრო გაზრდის სასწავლო ფუნქციით ინერნეტსივრცეში მის ჩართულობას, მოსწავლეს შეუძლია, ამ ფორმითაც მოახდინოს მეტაკოგნიტური პროცესების მართვა, კერძოდ, არსებული ცოდნის გახსენება, ჩანაწერების გაკეთება, ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება, მასალის მოკლედ გადმოცემა, გაგება-გააზრების ნაირგვარი ხერხებით შემოწმება, რომელთა შორის მნიშვნელოვანია ტესტირება და სასკოლო ელექტრონული რესურსები, პრეზენტაციები. მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით უკვე მეხუთე - მეექვსე კლასის მოსწავლეები ეუფლებიან პრეზენტაციის მომზადებისა და წაარმართვის  უნარს. ისინი ხალისითა და ინტერესით, ცნობისმოყვარეობითა და საქმისადმი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან ამ პროცესში.  ელექტრონული ფორმით მოსწავლეს შესძლებლობა აქვს, აკონტროლოს მეტეკოგნიტური პროცესები ( არსებული ცოდნის გახსენება, ჩანაწერების გაკეთება, ინფორმაციის ორგანიზება, მასალის მოკლედ გადმოცემა, გაგება-გააზრების შემოწმება .)

     მოსწავლს წარმატებისა და ძალისხმევის ართ-ერთი ფორმულაა მაგალითების მოყვანა  ცნობილ ადამიანთა ცხოვრებიდან. მაგალითად, სტივ ჯობსი, მე თვითონ გაოცებული დავრჩი, როდესაც წავიკითხე მისი უკანასკნელი წერილი, რომელშიც ნათქვამია:
"სიკვდილი სიცოცხლის საუკეთესო გამოგონებაა, რამეთუ ძველისგან განწმენდს და უხსნის გზას ახალს; "ჩემთვის სულერთია, ვიქნები თუ არა სასაფლაოზე ყველაზე მდიდარი ადამიანი. ის უფრო მნიშვნელოვანია, გავაკეთე თუ არა რაიმე განსაცვიფრებელი სიკვდილამდე ერთი დღით ადრე!"
         მეტაკოგნაცია სწავლების მეთოდი არ არის, იგი პროცესია, რომელზეც განვითარებისა და სწავლის ნებისმიერი თეორიით ხელმძღვანელობისას  უნდა ვიფიქროთ. მეტაკოგნაცია ადამიანის შესაძლებლობებისა და ცოდნის სრულფასოვნებისაკენ არის მიმართული, თუმცა რაც უფრო მეტს ვსწავლობთ, მით უფრო მეტი გვრჩება შესასწავლი, ამიტომაც განაცხადა ბრძენმა სოკრატემ-,,მე ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი“. არსებობს მეორე უკიდურესობაც, როგორც გ. დოჩანაშვილის  მოთხრობის პერსონაჟი იტყოდა, ის, ვისაც მხოლოდ ,,რობიზონ კრუზო“ ჰქონდა წაკითხული თავს განათლებულ ადამიანად მიიჩნევს , რადგან არც კი იცის, ამქვეყნად სხვა რამე ღირებული თუ შექმნილა.  ჩვენ, მასწავლებლები, უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი მოსწავლეები ჯანსაღად აზროვნებდნენ, რაშიც  არა მხოლოდ სოკრატეს იდეალური განაცხადი, არამედ სწავლების სოკრატული მეთოდიც დაგვეხმარება.


  გამოყენებული ლიტერატურა:  1.დებრა ფიქერინგი, ჯეინი ფოლოქი „ ეფექტური სწავლება სკოლაში“       2. განვითარებისა და სწავლის თეორიები    3. დევიდ პერკინსი „გონივრული სკოლა“        





No comments:

Post a Comment